„როდესაც მშობელი ბავშვს ეუბნება - ფრთხილად იყავი, არ წაიქცეო, ჰგონია, რომ ამით პატარას იცავს“
„ბავშვობაში ყველას „გვიტრიპაჩია“. მაგალითად, როდესაც წვრილ მილზე უნდა გამევლო მდინარის თავზე, ძალიან მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რა ყოჩაღი ვიყავი... იმ წუთას ხდება მობილიზება და ისე გაირბენ ფარფატით, რომ ყველას ეგონება, თითქოს თოკზე სიარულში ივარჯიშე. თუ იფიქრებ, ახლა ფეხი არ ჩამივარდესო, აუცილებლად კონცენრტაცია იკარგება და ამ სიფრთხილეში და წონასწორობის ცნობიერ პროცესში ზედმეტად გადატანაში მოგდის მარცხი, ასე რომ, გაბედულება ეს არის რისკისგან დაცვა და არა პირიქით...“ - ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნულის შესახებ გადაცემაში
„პირადი ექიმი“ ისაუბრა.
მისი თქმით, დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს ამ გზით:
„როდესაც მშობელი ბავშვს ეუბნება - ფრთხილად იყავი, არ წაიქცეო, ჰგონია, რომ ამით პატარას იცავს. სინამდვილეში, მსგავსი ქმედებით მან ბავშვს სხეულებრივი მოძრაობა დაუბლოკა, გახადა მოუქნელი და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მართლა უმიზეზოდ წაიქცეს პარკეტზე,“ - აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.
და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშფოთვარე დედა?ფსიქოლოგის თქმით, თუ მშობელს ზემოთქმული შიში და სიფრთხილე გაცნობიერებული აქვს და აწუხებს, ეს უკვე კარგია, რადგან ის მეტად შეძლებს შვილების დაცვას, მაგრამ როდესაც დედა ვერ აცნობიერებს ქმედებით გამოწვეულ სამომავლო ზიანს, მაშინ გასაჭირში ვართ.
ფანჯიკიძის რჩევით, თუ ადამიანი იაზრებს შფოთისაგან გამოწვეულ უკუკავშირს, მაგრამ თავს მაინც ვერ თოკავს, სჯობს, მშობელმა ფსიქოთერაპია გაიაროს, იმისთვის, რომ ეს პრევენცია აღმოჩნდეს შვილებში მომავალში პანიკური აშლილობის თავიდან ასაცილებლად.