საგანძურის პატარა მცველის ისტორია...
25-06-2018

შავი თვალები მაღლა აუპყრია, ლოცულობს... მუხლმოდრეკილს შავი ჩოხა დაეფარა თეთრი მტვერით და საბრძოლველად გასვლამდე, მალიმალ იწმენდს, პატარა ხელებით ფარ-ხმას იღებს და შერკინებისთვის ემზადება… 

ჯერ მხოლოდ 8 წლისაა და უკვე ბევრი ბრძოლა აქვს გადახდილი, ბრძოლა დღევანდელობასთან, საკუთარ თავში ტრადიციების თანამედროვეობაზე  გამარჯვებით. ქართულ საგანძურს იცავს: ბრძოლის, ცეკვის, სიმღერისა და ცხოვრების ხელოვნებას.

სანამ ოთხის გახდებოდა და ხრიდოლზე (ქართული ბრძოლის ხელოვნება) შეიყვანდნენ, დაბადების დღე ტრადიციულად მრავალჟამიერით მიულოცეს, მაშინ ჰკითხეს: ვისი ბიჭი ხარო და პასუხად მიუგო –  საქართველოსიო. ამ დღიდან კი, სასახელო მამულისშვილობა საბოლოოდ უწინასწარმეტყველეს.

რეზო წინაპართა ნაკვალევზე სვლას მამის ნაბიჯებით იწყებს, ხრიდოლის ფერედაციის პრეზიდენტის, ნუკრი მჭედლიშვილის მამობამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არუშველაო, ამბობს დედა..

მშვიდი ყოფილა პატარა, ისე გაიზარდა არც გაგვიგიაო. ზღაპრებზე  მეტად ლეგენდები მოსწონდა, მშობლიურ ჰანგებზეც განსაკუთრებით უჩქარდებოდა სუნთქვა და ფეხის ადგმასთან ერთად დავლურიც შემოუკრავს.

ჯერ კიდევ ცხა თვის ორსული დეა მუცლით ატარებდა სალოცავებში მთაში. ამ ქვეყანას რომ მოევლინა და რვა თვე შეუსრულდა, იხილა ფშავი პაწაწინა თვალებით, მას შემდეგ კი, ლაშარობა, ხოშარობა და თამარღელეობასთან (დღესასწაულები ფშავში) ერთად სირბილში გაიზარდა, ამ სირბილს კი მუდამ თან სდევდა ქვეყნის ისტორია, ბრძოლა და ფოლკლორი. 

მამის მონათხრობით, წინაპართა გმირობებით გულანთებულს, შავი თვალები მეტად უბრწყინდება და უფრო ჩქარა ლამობს მათს გზაზე სვლას.

ცხენოსნობა უნდა, სწრაფად რომ გააჭენოს ეროვნული საგანძურის ძიებასა და შემდეგ, მომავალი თაობისთვის სწავლებაში…

დიდთან დიდია და პატარასთან პატარაო, მამას სუფრასთანაც კაცურად უმაგრებს მხარსო, თანატოლებთან და დაიკოებთან თამაშისას ბავშვურ ბუნებას იბრუნებს ცელქობით, კამათითა  და წყენითო, მალევე რიგდებიანო.

დილით შვიდის ნახევარზე დგება, აუზზე მიდის, შემდეგ სკოლაში, ხრიდოლზე, ცეკვასა ან სიმღერაზე, საღამოს მეცადინეობს ისე, რომ ერთს არ დაიწუწუნებსო, დაღლას დედა ამჩნევს მინაბულ თვალებზე.

იდეის კაცია, ჯიუტად იცავს საკუთარ მეობასა და ფასეულობებსო, წლებია, მარხვას იცავს, ვერანაირი ნაყინი და შოკოლადი ვერ დაარღვევინებსო. 

რეზო  ზოგისთვის მისაბაძი, ზოგისთვის კი უცნაური ბავშვია. უფროსებიც თვლიან, რომ  დღევანდელობაში წარსული ადათით ცხოვრება გაუჭირდება, ხრიდოლიონს კი ტრადიციების სადარაჯოზე ყოფნა მოსწონს და მშობლებიც მისეულ გარემოს ქმნიან, თავიანთი და სხვისი შვილებისთვის, რომლებსაც ეროვნული საგანძურის დაცვა უნდათ.

უკვე იცის, რომ 6 შვილი უნდა, რომლებიც პაპებისა და დიდედების სახელებს ღირსეულად ატარებენ. ისიც იცის, რომ მამის საქმე უნდა გააგრძელოს, მანამდე კი, ფარხმალასხმულმა კიდევ ბევრი ლეგენდა უნდა გააცოცხლოს ისტორიის ფურცლებიდან…

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203