„საშინაო დავალება უნდა იყოს ბავშვის საჭიროებებს მორგებული, ოჯახის წევრთა ძალისხმევის გარეშე შესასრულებელი“-თბილისის N142 სკოლის პედაგოგი ეკა გულაშვილი
10-04-2025

ეკა გულაშვილი თბილისის N142 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, რომელიც ბავშვებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს და ახალისებს მათ ჩართულობას დავალებების დაგეგმვაში. აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა ნდობის მოპოვება უმნიშვნელოვანესია და მოითხოვს თანმიმდევრულობას - პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. 

როგორც თავად ამბობს განათლება, ესაა მეტი სინათლე, საზოგადოებაში, ამიტომ თავისი წვლილი შეაქვს განათლებული და ერუდირებული თაობის ფორმირებაში.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მოსწავლის ნდობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ითხოვს თანმიმდევრულობას და სანდოობას. 
ა)პატივისცემა-ესაა უპირველესი. მოექეცი ისე, როგორც გსურს მოგექცენ შენ.
ბ)სამართლიანობის განცდა-მოსწავლე უნდა ხედავდეს და გრძნობდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სამართლიანად ექცევიან მას და წესები ყველასათვის ერთნაირად მოქმედებს.
გ) ემპათია და მოსმენა-მოსწავლის მოსმენა და გრძნობების გათვალისწინება ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც პიროვნება.
დ)გულწრფელობა-ნებისმიერი ბავშვი გრძნობს, რამდენად ნამდვილია მასწავლებლის ესა თუ ის ემოცია, მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის შემთხვევაში.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან... 
- აყალიბებს სრულფასოვან პიროვნებას. ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, მეტი შესაძლებობაა პროფესიულ სფეროში არჩევანის გაკეთების. მატებს თვითდაჯერებულობას, სამოქალაქო შეგნებას, პასუხისმგებლობას-ქვეყნის წინაშე. ეხმარება ადამიანებს უკეთესი მომავლის შექმნაში, პრობლემების გადაჭრასა და დამოუკიდებლობაში. განათლება, ესაა მეტი სინათლეა, საზოგადოებაში.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- პირველ რიგში ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, არამოსაბეზრებელი და ოჯახის წევრების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შესასრულებელი. უნდა გადიოდეს მიზანზე. პირადად მე, ძალიან ხშირად ვეკითხები მოსწავლეებს, თუ რა სახის დავალება შეიძლება მოვარგოთ კონკრეტულ თემას. ხდება ერთობლივად განხილვა და შესაბამისი სახის დავალების შერჩევა.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, კლასებში ჩავუშვებდი განსახილველად თემას, ამ სათაურით-„ წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი“ და ერთობლივი ძალებით მოხდება კონრეტული წესების შერჩევა-დაგეგმვა-განხორციელება. ჩვენს კლასში დამკვიდრებულია ასეთი წესი-ყოველ ორშაბათს, ბავშვები გვიზიარებენ (სურვილის შემთხვევაში) შაბათ-კვირას მომხდარ მათთვის მნიშვნელოვან ამბებს. 

-  საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ასე დაკონკრეტებით ვერ დავასახელებ, რადგან მიყვარდა ყველა ის საგანი, რომელსაც ასწავლიდა ნამდვილი მასწავლებელი. 

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- მასწავლებლად ავირჩევდი ფსიქოლოგ-ზურა მხეიძეს.

- როგორ წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

  • სიმწვანეში ჩაფლული ძალიან ფერადი შენობა;
  • დაწყებითი კლასებისთვის ცალკე ფლიგელი;
  • ქათქათა, ნათელი, ყველაფრით აღჭურვილი საკლასო ოთახები. მცირეკონტინგენტიანი კლასები;
  • შიდა და გარე კეთილმოწყობილი სპორტული სივრცეები;
  • ლამაზი, სასკოლო ჩაცმულობა;
  • უფასო კვება;
  • მუსიკალური ზარი;
  • მოტივირებული და დაფასებულები პედაგოგები...
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...