ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
10-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

მოსწავლე-მასწავლებლებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, განიხილეს ამ დღის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. იმსჯელეს ამ დღის მნიშვნელობაზე, გააჟღერეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სიტყვები.

მე-11 კლასის მოსწავლემ წარადგინა ემოციური და ამაღელვებელი სიტყვა -  „სისხლიანი გამზირი და ქართული ღირსება“, სადაც ხაზი გაუსვა, რომ 9 აპრილი ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ იმავდროულად ყველაზე აღმაფრთოვანებელი დღეა. ეს დღე არ არის მხოლოდ ტანჯვისა და დაღვრილი სისხლის დღე – ეს არის დღე, როდესაც ტკივილმა გზა გაუკვალა თავისუფლებას. 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ხალხი იდგა მუხლმოდრეკილი, ხელში ეჭირა სანთელი და გულში – თავისუფლების იმედი. ისინი იდგნენ მშვიდად, მტკიცედ…საბჭოთა რეჟიმის ძალადობამ მათი სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ვერ წაართვა ის, რაც ყველაზე ძვირფასია – იდეა დამოუკიდებლობისა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო იმ ადამიანების გმირობის შედეგი, ვინც თავიანთი სიცოცხლით თქვეს – „არა“ დამონებას და „დიახ” თავისუფლებას. 

მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ 9 აპრილი გვახსენებს – ისტორია შეიძლება ტკივილით იწყებოდეს, მაგრამ ერთიანობით და რწმენით თავისუფლებამდე მიდის.

ღონისძიებას ხელმძრვანელობდა ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგი ლანა ჯელაძე, რომელიც მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...