„სამშობლოს სიყვარულს სწავლა უნდა“ - ველევის საჯარო სკოლაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნა
26-03-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში ფორმალური თუ არაფორმალური სწავლებისას დიდი ყურადღება ექცევა პატრიოტულ აღზრდას. ყველა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენასთან დაკავშირებით ტარდება საუბრები, მზადდება პრეზენტაციები, მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით პარალელურად  ინტერესით ეცნობიან ველევის თემისა და რაჭის ისტორიულ ძეგლებს, გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას, ახერხებენ მრგლოვანით წერასა და კითხვას პედაგოგ ირმა მაცაბერიძის დახმარებით.

სკოლის დირექტორის ეკატერინე ჭიჭინაძის ჩართულობით, ამჯერად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნა საინტერესო აქტივობით, რომლის ფარგლებშიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ამავე თემაზე წარმოადგინა პრეზენტაცია მეექვსე კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ გოგსაძემ თემაზე: „ექვთიმე კერესელიძე-ქართული გალობის რაინდი“.

მან საინტერესოდ წარმოაჩინა დიდი სასულიერო პირის ღვაწლი ქართული საგალობლების შეგროვებისა და გადარჩენის საქმეში, პარალელი გაავლო სხვა დამსახურებულ ქართველ მოღვაწეებთან. ნიკოლოზს ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ექვთიმე აღმსარებელი, რომელმაც უდიდესი საქმე გაუკეთა ქვეყანას, მისი მშობლიური კუთხის რაჭის წარმომადგენელია და სურვილი აქვს მოინახულოს მისი მშობლიური გარემო სოფელ სადმელში. პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და დაიგეგმა გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს ასრულდეს ნიკოლოზის სურვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203