დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოლოგიური და ბუნებისმეტყველების კლუბების მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პრეზენტაცია
24-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. სკოლაში წარმატებით მუშაობენ ეკოლოგიური და ბუნებისმოყვარულთა კლუბები. 

ახლახან, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ და ბუნებისმოყვარულთა კლუბ „ნაკვალევის“ წევრებმა ჩაატარეს პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა „დედამიწის საათს“ და მყინვარების მნიშვნელობას.

ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ ხელმძღვანელი დალი კილაძე გახლავთ, ბუნებისმოყვარულთა კლუბ „ნაკვალევს“ კი ხათუნა კილაძე და ნატო კილაძე თაოსნობენ. 

კლუბის წევრებმა – ლუკა შაინიძემ და შოთიკო ცეცხლაძემ, ჩაატარეს პრეზენტაცია „დედამიწის საათის“ მნიშვნელობაზე, მის გავლენაზე კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში და იმ გზებზე, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გარემოსდაცვით პროცესებში ჩართვა. ელენე დიასამიძემ კი პრეზენტაცია მიუძღვნა მყინვარებს, მათ მნიშვნელობასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო მათ გაქრობას იწვევს.

პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული სლაიდები და დოკუმენტური ვიდეომასალა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ეკოსისტემებია მყინვარები და რატომ უნდა ვიზრუნოთ მათ დაცვაზე.

დისკუსიის დროს მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს, როგორ შეიძლება ყოველდღიური ქმედებებით წვლილი შევიტანოთ ბუნების დაცვაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეკოკლუბი „მწვანე თაობა“ და ბუნებისმოყვარულთა კლუბი „ნაკვალევი“ არა მხოლოდ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს, არამედ მოსწავლეებს უყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას გარემოს მიმართ.

„სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებას, რათა ახალგაზრდებს ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საკითხებზე კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეთ“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...