„როცა ქალის ხმა ისმის - სამყარო იცვლება“- ლიხეთის საჯარო სკოლაში 8 მარტისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა
10-03-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში ქალთა დღის აღსანიშნავად საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა ჩატარდა, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია დირექციამ მოგვაწოდა.

„ქალი, რომელიც წერს – ქალი, რომელიც ცვლის...

8 მარტისთვის მიძღვნილი შეხვედრა იყო სივრცე, სადაც ხმამაღლა ვისაუბრეთ ქალების სიტყვაზე – სიტყვაზე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გლოვა, სიყვარული, ტკივილი და იმედი ფურცელზე დაამკვიდრა.

VII, IX და XII კლასის მოსწავლეებთან ერთად გავეცანით ქალი მწერლებისა და პოეტების ცხოვრებას, მათი შემოქმედების მოტივებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა ფონზეც მათმა ხმამ გზა გაიკვალა.

ერთად ვიმსჯელეთ ქალებისადმი სტიგმებსა და სტერეოტიპებზე, მოსწავლეები გაეცვნენ ვიდეო-რგოლს, სადაც ნაჩვენები იყო სხვადასხვა გამოწვევა, რის წინაშეც ქალები დგანან, დღესაც კი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ აქტივობას, სადაც მოსწავლეებმა აირჩიეს ფერი და ერთი სიტყვა, რომელიც მათთვის ქალთან ასოცირდება. ამ პროცესმა აჩვენა, როგორ მრავალფეროვანია აღქმა და რამდენად ღრმაა ის ემოცია, რაც ქალის მნიშვნელობას უკავშირდება.

საბოლოოდ, როდესაც მოსწავლეებმა ქალი პოეტების ლექსები წაიკითხეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად ძლიერია ქალის სიტყვა - სიტყვა, რომელიც გუშინ იბრძოდა, დღეს კი გზას უთმობს მომავალ ხმებს. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ამ ცვლილების ნაწილი, დავინახოთ, დავაფასოთ და გავაძლიეროთ ქალი, რომელიც წერს, ქალი, რომელიც ცვლის.

როცა ქალის ხმა ისმის – სამყარო იცვლება“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203