„თავისუფლება უმაღლესი ფასეულობაა და მისი დაცვა მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს“ - ურავის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს აქტივობა მიეძღვნა
26-02-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ურავის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მოსწავლეებიც, საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ საინტერესო პროექტებში...

მათ შორის, ურავის საჯარო სკოლამ შთამბეჭდავი აქტივობა მიუძღვნა საბჭოთა ოკუპაციის დღეს, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა, გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე როგორც იმ პერიოდის, ისე ისტორიულ ჭრილში და პატივი მიაგეს გმირებს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცა - ქართველებმა სულის სიმტკიცის, გამძლეობის, მამაცობისა და თავგანწირვის არნახული მაგალითები აჩვენეს.

„25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღეა; 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ამ დღემ ქვეყნის დამოუკიდებლობა შეწყვიტა და საქართველო საბჭოთა რეჟიმის მძიმე წლების წინაშე დააყენა.

25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება უმაღლესი ფასეულობაა და მისი დაცვა მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203