
ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, აქტიურად ჩაერთო განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში.
ამ ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი „მკითხველთა კლუბის“ ფარგლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრა იყო. ჟესტური ენის მასწავლებელი რაისა დავითულიანი მოსწავლეებს განათლების მნიშვნელობასა და მის შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ამის შემდეგ, მოსწავლეებმა ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს ვიდეორგოლი, რომელიც აერთიანებს ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს განათლების შესახებ.
ვიდეოში ასახულია მათი ხედვა განათლების როლზე და მისი მნიშვნელობა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა ნამუშევარი საინტერესო და ღირებული გზავნილი გახდა სასკოლო საზოგადოებისათვის.