
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მეფეთ მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მე-10ა და მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს.
მე-10 კლასების დამრიგებლები - თამთა ხარატიშვილი და მაყვალა ანთაძე გახლავთ, საგნის პედაგოგი კი თეა ხარაზიშვილი.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ძლევამოსილი მეფის მიერ გატარებული სახელმწიფოებრივი რეფორმები, ისაუბრეს მეფის სულიერ და ადამიანურ ღირებულებებზე, წარმოაჩინეს წმინდა მეფის წვლილი საერთაშორისო ასპარეზზე და ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა წმინდანდად შერაცხული დიდი მეფის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.