
მესტიის მუნიციპალიტეტის, უშგულის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, ისინი სრულფასოვნად მონაწილეობენ საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა თემატური ღონისძიების შემოქმედნიც არიან.
უშგულის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა, მათ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს სთავაზობენ და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებასაც აწყობენ.
ახლახან დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელზე.
„სული აღმშენებელი“ - ასე უწოდეს უშგულის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ვერიკო ავალიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ღონისძიებას, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. V, VI და VIII კლასების მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მეფე, რომელმაც საქართველო გააერთიანა - ეს გახლდათ საინტერესო, შემეცნებითი და სათავგადასავლო „მოგზაურობა“ შორეულ წარსულში, აღმაშენებლის ბრწყინვალე მოღვაწეობის ლაბირინთებში.