ქუთაისის N32 სკოლის მე-5 კლასელებმა აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს 
05-02-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია - პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლეთა ინტერესით გამოირჩევა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პრეზენტაცია სწავლების თანამედროვე მეთოდია. იგი მოსწავლეებს უვითარებს კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარებს.

ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლალი კაშიას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

მოწაფეებმა შეისწავლეს აკაკის მხატვრული პროზის თვალსაჩინო ნაწარმოები - „ჩემი თავგადასავალი“ და გაუჩნდათ სურვილი, კიდევ მეტი სცოდნოდათ პოეტის შესახებ.

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და გადაინაწილეს შემდეგი საკითხები: აკაკის ცხოვრება და შემოქმედება, აკაკი- ხმატკბილი ბულბული, ძველი ტრადიციები „ჩემი თავგადასავლის“ მიხედვით, აკაკის ნაკვესები.

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა: ბავშვები თანამშრომლობდნენ, უზიარებდნენ გამოცდილებას, ცვლიდნენ და ერთმანეთს აწვდიდნენ საინფორმაციო მასალას. პრეზენტაცია მოსწავლეებმა power-point-ში ააწყვეს, აუდიტორიას წარუდგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.

პრეზენტაციის მომზადებამ მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა, პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევამ კი ქართული მწერლობის ინტერესი გაუღვიძათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203