ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ - სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
13-05-2025

სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის“. 

დოკუმენტი წარმოაჩენს ბავშვის უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების ინფორმირებულობის კუთხით არსებულ გამოწვევებს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ: 


ბავშვების უმეტესობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია თავისი უფლებების შესახებ,  არ სმენია ან ვერ ასახელებს იმ დოკუმენტებს, სადაც მათ შესახებ წერია და ხშირად, უფლებებს მხოლოდ მოვალეობების კონტექსტში განიხილავს;

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთეული გამონაკლისების გარდა, ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია დაცვის მექანიზმების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუბრობენ ძალადობრივ გამოცდილებაზე ოჯახში, ქუჩაში, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში, როგორც ბავშვების, ისე სრულწლოვანი პირების მხრიდან;

ბავშვების უმრავლესობის გადმოცემით, უფლების დასაცავად სოციალურ მუშაკს, პოლიციას ან სახალხო დამცველს მიმართავდა. თუმცა, ცხელი ხაზებიდან ერთეული გამონაკლისის გარდა, მხოლოდ, „112“ ახსენდებათ. ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაციების, იურიდიული დახმარების სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის შესახებ საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია;

ბავშვების უმრავლესობა არ არის ინფორმირებული სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში დამოუკიდებლად მიმართვის უფლების შესახებ. ხოლო, უფლების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე არც სმენიათ;

არასრულწლოვანთა ნაწილი პოლიციელებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ბავშვებისადმი დამოკიდებულებისა და მათთან კომუნიკაციის გამოწვევებზე. ხოლო სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილებას დადებითად იხსენებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...