ახალი წლის მაგიური რიტუალი სასკოლო ცხოვრებაში - მოსწავლეებისა და მასწავლებლების წერილები „მომავალ მეს“
24-12-2025

ახალი წელი ცვლილებების, მიზნების დასახვისა და შთაგონებისთვის იდეალური დროა. ერთ-ერთი საინტერესო და მარტივი პრაქტიკა, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და სამომავლო მიზნების დასახვაში დაეხმარებათ, არის „წერილი მომავალ „მე“-ს“.

წერილის შესაქმნელად საჭიროა მშვიდი გარემო: 

• წერილი დაიწყეთ მისალმებით – „ძვირფასო მე”
• გააგრძელეთ ამჟამინდელი საკუთარი თავის მოკლე აღწერით: რა მოგწონთ ან რისი შეცვლა გსურთ. 
• ჩამოაყალიბეთ მიზნები, სურვილები და იმედები.
• დაასრულეთ წახალისებით ან მადლიერებით (ეს ფორმატი მარტივი და გასაგებია როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.)

გაითვალისწინეთ, რომ წერილის გახსნისას, შინაარსის ანალიზი დაეხმარება მოსწავლეებს გააცნობიერონ, რამდენად შეიცვალა მათი მიზნები ან რეალობა. ეს პროცესი მნიშვნელოვნად ამაღლებს მოტივაციას და თვითრწმენას.

სად დავტოვოთ წერილი?

1. „საიდუმლო ყუთში“: მოამზადეთ ლამაზად გაფორმებული ყუთი, სადაც ყველა მოსწავლე თავის წერილს ჩააგდებს. ყუთი შეგიძლიათ გააწყოთ ახალი წლის თემატიკით და სანდო ადგილას შეინახოთ. (ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, რადგან პროცესს უფრო თამაშის ელფერი აქვს.)

2. პერსონალურ კონვერტებში: თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავისი წერილი კონვერტში ჩადოს, დაასათაუროს („გახსენი ერთ წელში“) და მასწავლებელს ჩააბაროს შესანახად. (ასე მოსწავლეებს უფრო პერსონალიზებული განცდა ექმნებათ.)

3. ელექტრონულ პლატფორმაზე: თუ ციფრული ვარიანტი უფრო მოსახერხებელია, მოსწავლეები და მასწავლებლები წერილებს Google Drive-ში, პირად ელფოსტაზე ან სპეციალურ აპლიკაციაში (მაგალითად, FutureMe.org) ინახავენ.

4. სამახსოვრო ყუთში: თუ ეს აქტივობა სკოლის მასშტაბით ტარდება, შეგიძლიათ წერილები ერთ დიდ „ახალი წლის ყუთში“ შეაგროვოთ და სკოლის ბიბლიოთეკაში ან დირექტორის კაბინეტში შეინახოთ. 

როდის გავხსნათ წერილები?

ერთი წლის შემდეგ: ახალი წლის წინა დღეები საუკეთესო დროა წერილების გასახსნელად, თუმცა შეგიძლიათ წერილები უფრო გრძელვადიანად შეინახოთ, მაგალითად, სკოლის დასრულებამდე. 

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას.

ამ რიტუალს შეუძლია, სასწავლო ჟრიამულს კიდევ ერთი განსაკუთრებული და შემოქმედებითი დეტალი შემატოს, რომელიც ბავშვებსა და უფროსებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203