„ქართული და ბრიტანული სამზარეულო“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ინტეგრირებული პროექტი განახორციელეს 
18-12-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

მათ შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლალი მეხრიშვილმა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო გელაშვილმა IX კლასში ინტეგრირებული პროექტი - „ქართული და ბრიტანული სამზარეულო“ წარმატებით განახორციელეს. 

„პროექტის იდეა წამოვიდა მოსწავლეთა ინტერესებიდან, რაც კვებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს მიმართ დიდ ინტერესს მოიცავდა. ამ თემამ მათთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გააჩინა და გამოკვეთა რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს შეესწავლათ ქართული და ბრიტანული სამზარეულოს ტრადიციები, გაერკვიათ ძირითადი განსხვავებები და მსგავსებები, განევითარებინათ ენობრივი და ანალიტიკური უნარები, გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში და გაექტიურებინათ კომპიუტერული ტექნოლოგიების უნარების გამოყენება.

პროექტის ფარგლებში მრავალი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის:

  • ქართული და ბრიტანული კერძების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • დისკუსიები კერძების თავისებურებებსა და ისტორიულ კონტექსტებზე;
  • ინტერვიუები უფროსი თაობის წარმომადგენლებთან და ძველი ქართული რეცეპტების შეგროვება;
  • პროექტის პროდუქტების შექმნა, როგორიცაა თემატური პოსტერები და სლაიდშოუები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ორ ენაზე.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა პრეზენტაციები განახორციელეს, სადაც წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები და დასკვნები. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი - ეკატერინე ჩიტაური, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და წარმატებები უსურვა მათ. მისი თქმით, პროექტი გამოირჩეოდა შემოქმედებითობით, მრავალფეროვნებით და ორ ენაზე გადმოცემული შთამბეჭდავი ინფორმაციით, რაც საგანმანათლებლო პროცესს მეტად ამდიდრებს.

როგორც სკოლაში ამბობენ, „ქართული და ბრიტანული სამზარეულო“ – ეს არის შესანიშნავი მაგალითი, როგორ შეიძლება ინტეგრირებული სწავლებით მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავება, არამედ ახალი უნარების აღმოჩენაც შევთავაზოთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203