
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის II-VI კლასების მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ეკატერინე ჩიტაური, აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო ინიციატივაში - „კოდის ერთი საათი“ („Hour of Code“).
ეს გლობალური მარათონი ყოველწლიურად იმართება 5-12 დეკემბერს, თუმცა მისი მიზნები და შთაგონება ყოველთვის აქტუალურია და ახალგაზრდებში ტექნოლოგიური უნარებისა და პროგრამირებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება.
ღონისძიება მიმართული იყო მოსწავლეებისთვის პროგრამირების საწყისების სწავლებისკენ ინტერაქტიული და ინოვაციური მიდგომებით.
„მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით დაძლიეს ყველა გამოწვევა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა შეისწავლეს კოდის წერის ძირითადი პრინციპები, რაც მათი ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარა.
„ქალბატონი ეკატერინე ჩიტაურის მხარდაჭერამ და მოტივაციამ მათ არა მხოლოდ კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში, არამედ ტექნოლოგიურ საკითხებთან მეტი თავდაჯერებულობით მიდგომაშიც შეუწყო ხელი“, - ამბობენ სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „კოდის ერთი საათში“ მონაწილეობა მოსწავლეებს ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებაში დაეხმარა და კიდევ უფრო გააღვივა მათში ინტერესი პროგრამირების მიმართ.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
„სერტიფიკატები მათ მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის მომავალი გამოწვევების დასაძლევად. სერტიფიკატები, როგორც წარმატების სიმბოლო, თითოეული მათგანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა“, - ამბობენ სკოლაში.
სკოლის დირექცია გულითადი მადლიერებით აღნიშნავს როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგ ეკატერინე ჩიტაურის შრომასა და წვლილს, როგორც აღნიშნავენ, ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
„მსგავსი ინიციატივები გვაძლევს იმედს, რომ მომავალი თაობა ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრირებაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
გილოცავთ მიღწეულ წარმატებებს და გისურვებთ ახალი მწვერვალების დაპყრობას!
შემოქმედებითობა, ცოდნა და მიზანდასახულობა - მომავლისკენ გზა აქ იწყება“, - გვეუბნებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთათვის ტექნოლოგიების სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: