„სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის“- ვაჩნაძიანის სკოლა ამაგდარ პედაგოგს - ზეინაბ სუხიტაშვილს ემშვიდობება
26-11-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს - ზეინაბ სუხიტაშვილს გლოვობს. 

პედაგოგი 49 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - განათლებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. 

სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, პროფესიონალ მასწავლებელსა და სამაგალითო კოლეგას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების გამო. 

„სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის...

ჩვენი კეთილშობილი, ამაგიანი, ღვაწლმოსილი ზეინაბ მასწავლებელი წავიდა და დაგვიტოვა უსასრულო სევდა...

ქალბატონო ზეინაბ, 49 წლის განმავლობაში ასწავლიდით (გვასწავლიდით), რომ თავისუფლების, სიყვარულის, ღირსების, სამართლიანობის, პატიოსნებისა და ზნეობის მხარეს უნდა დადგნენ (დავდგეთ). ისიც კარგად იცოდით, რომ ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და თქვენ ეს არ დაგიშურებიათ, რადგან იცოდით, რომ რასაც ასწავლიდით, იმას ადამიანებისთვის ბედნიერება უნდა მოჰქონდეს და არა იმედგაცრუება.

თქვენი ცხოვრების მთავარი სიტყვა იყო  „პასუხისმგებლობა“ და სხვებისგანაც იგივეს ელოდით. ალბათ ბევრჯერ დაგისვამთ კითხვა საკუთარი თავისთვის „როგორ ვიცხოვრე?“

ჩვენ გაგცემთ პასუხს: თქვენ ღირსეულად იცხოვრეთ. ახლა, როცა შორეულ გზას დაადექით, თქვენთან ერთად იქნება ის წიგნი, რომელშიც თქვენი ცხოვრებაა აღწერილი და ამ წიგნის არასოდეს შეგრცხვებათ.

თქვენ უხდებოდით ჩვენს სკოლას, სოფელს, თქვენ გვჭირდებოდით ჩვენ-ყველას. მიდიხართ და მიგაქვთ თქვენთვის სალოცავ ხატად გამხდარი სკოლისა და თქვენი კოლეგების საოცრად ნატკენი გული...

ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეთ იმქვეყნად ღირსებით მიმავალ გზას წინაპართა აჩრდილებთან ღირსეულად შესახვედრად“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი და ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203