რა დრო სჭირდება უცხო ენის შესწავლას და შესაძლებელია თუ არა მისი ნებისმიერ ასაკში ათვისება
თანამედროვე სამყაროში უცხო ენების ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მშობლების ნაწილი საკუთარ შვილებს ლამის დაბადებიდან ერთ სხვა ენას მაინც ასმენინებს. საშუალო სკოლებში კი მოსწავლეები ქართულ ანბანთან ერთად უცხო ენას (ინგლისურს) პირველი კლასიდან სწავლობენ. რამდენად ეფექტურია ამგვარი მეთოდიკა და შესაძლებელია თუ არა უცხო ენის ნებისმიერ ასაკში ათვისება? - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორი ქეთევან ჭკუასელი
Etaloni.ge-სთან უცნო ენების შესწავლის ხარვეზებს ზოგადი პედაგოგიკის კუთხით განიხილავს:
- ქალბატონო ქეთევან, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა უცხო ენების შესწავლა? - უცხო ენების პირველი კლასიდან შესწავლა, რაც დღეს ხდება, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არასწორია. ბავშვის ფსიქოგენეტიკური ტიპი მცირე ასაკში ჩამოყალიბებული არ არის. მან ქართულად წერა-კითხვაც არ იცის და ამიტომ მისი ფსიქიკა ეროვნული იდენტობის შესაბამისად არ არის ფორმირებული. ამ დროს კი პირველივე კლასიდან უცბად იწყებს ქართულის, მათემატიკის და უცხო ენის შესწავლას. ეს კი ძალიან რთული პროცესია და, რა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქიკურ გადატვირთვას იწვევს, გარდა იმისა, რომ იდენტობის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც პრობლემური ხდება.
- რა კვლევებით დასტურდება აღნიშნული? - ამას საუკუნეების განმავლობაში ყველა კლასიკოსი აღნიშნავდა და თანამედროვე კვლევებიც ამას ადასტურებს. ევროპაში მიიჩნევა, რომ უცხო ენის სწავლა მე-4 ან მე-5 კლასიდან უნდა დაიწყოს. ბავშვმა და ქართველმა ბავშვმა, რა თქმა უნდა, რამდენიმე ენა უნდა ისწავლოს. ეს ჩვენი ისტორიული ხვედრიცაა-საქართველო ისეთ ადგილას მდებარეობს და იმდენად მცირერიცხოვანი ქვეყანაა, მაგრამ ეს უნდა იწყებოდეს გვიან ასაკში, მაგალითად, მე-4 კლასიდან. 12 წელი კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვს 2-3 ენა შევასწავლოთ.
- როგორ შეაფასებთ ენის სწავლების მეთოდიკას საჯარო სკოლებში?- საშუალო სკოლებში ამ მხრივ ძალიან ცუდი ვითარებაა. თუ ბავშვს მაინც რეპეტიტორის დამხარება სჭირდება უცხო ენის შესასწავლად, რატომ ვხარჯავთ სკოლაში საათებს? ეს ხარვეზი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ფინანსებს და ბევრ სხვა ობიექტურ მიზეზს, თუმცა მეთოდიკის საკითხი მაინც ერთ-ერთი მთავარია. ფაქტია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში უცხო ენის შესწავლის საკითხი სავალალო მდგომარეობაშია.
- რა პერიოდი სჭირდება უცხო ენის სწავლას და თუ შესაძლებელია მისი ნებისმიერ ასაკში ათვისება?- უცხო ენის შესწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია მონდომებასა და შეგნებაზე. როგორც ენის სპეციალისტები ამბობენ, ენის სრულყოფილ, ფუნდამენტურ შესწავლას 7 წელი სჭირდება, ხოლო მარტივი, საკომუნიკაციო ენის ათვისებას ბევრად მცირე დრო მიაქვს.