
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნინი აბულაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასელს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - ჯამბულატ მელაძემ, ხულოს საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა - რამაზ გელაძემ.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს სწავლა.
„ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის პედაგოგები ვულოცავთ ნინი აბულაძეს მიღწეულ წარმატებას და კვლავ ულევ წარმატებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: