„აუცილებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება“ - მიხეილ ჩხენკელი
09-06-2018
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კახეთში, ექსკურსიის დროს მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად აუცილებელია ექსკურსიებთან, ზოგადად - მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება:

„ტრაგედიას, რომელმაც ოთხი ადამიანის, მათ შორის, სკოლის მოსწავლის სოცოცხლე შეიწირა, დღეს მთელი ჩვენი საზოგადოება გლოვობს. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოვინახულე დაზარალებულები და ექიმებისაგან მივიღე ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. მადლობას ვუხდი მათ, ვინც ყველაფერს აკეთებენ დაშავებული ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად აუცილებელია ექსკურსიებთან, ზოგადად - მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება, რაზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა. უახლოეს ხანებში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს და ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემის სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის,“ - აღნიშნავს მიხეილ ჩხენკელი.

გომბორზე, დღეს დილით მომხდარი ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203