
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გუშინ სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა.
მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, ერთსაათიანი რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა:
როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში Etaloni.ge-ს განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს:
„მოზარდი ჩვენთან ასისტოლიით - გულის გაჩერებით შემოიყვანეს, პულსი არ ესინჯებოდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბავშვს რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ერთი საათის შემდეგ ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. გარდაცვალების მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს,“ - აღნიშნეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორის დოდო ცქვიტაია Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოზარდი სპორტში აქტიურად იყო ჩართული:
„გუშინ საღამოს 7-დან 8 სააათამდე პერიოდში, ეზოში სტადიონზე თამაშობდნენ ბავშვები, რა დროსაც მოხდა ეს შემთხვევა. მე ამ ფაქტს არ შევსწრებივარ, თვითმხილველთაგან ვიცი, რომ თამაშის დროს ჩვენი სკოლის მოსწავლე შეუძლოდ გახდა. გაჟღერდა, რომ გული აწუხებდა, მაგრამ ვერაფერს ვერ დავიჯერებ, რადგან ძალიან მოძრავი ბავშვი იყო, სპორტში აქტიურად ჩართული,“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
როგორც ცნობილია, ხმაური იყო თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. მე-7 კლასის მოსწავლის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.