რამდენიმე მეთოდი, რომელთა გათვალისწინებითაც პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმარებით 
06-09-2025

ბაღის დამთავრების შემდგომ ბავშვი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია. თუმცა, ზოგჯერ პირველკლასელებს სასკოლო გარემოსთან შეგუება ძალიან უჭირთ, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის როლი. მათმა მიდგომებმა შესაძლოა პირველკლასელს სკოლა ისე შეაყვაროს, რომ დილით ადრე ადგომა არ დაიზაროს და სიხარულით დაესწროს გაკვეთილებს.

უცხოელი ფსიქოლოგები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ, რომლის გათვალისწინებითაც პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმარებით.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლისა და მასწავლებლის მიმართ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს გაამარტივებს.

აუცილებლად დაეხმარეთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების. უთარით მას, რომ ყველაფერს შეძლებს და თუ დახმარება დასჭირდება თქვენი იმედი ჰქონდეს. ეს თქვენ მიმართ მას ნდობას გაუღვივებს და ეცოდინება, რომ მარცხის შემთხვევაში მის გვერდით იქნებით.

სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის სწორად შედგენა. გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის ძილის სწორად ორგანიზება. საშინაო დავალებები კარგი იქნება თუ შესრულდება არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ბავშვს რჩებოდეს დრო მულტფილმების, საინტერესო ფილმების საყურებლად, სასეირნოდ, სათამაშოდ.

ასევე, აუცილებელია ანგარიში გაუწიოთ სათამაშოებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ზოგჯერ, პირველკლასელები სათამაშოს სკოლაში წაღებას ითხოვენ. არ აუკრძალოთ ბავშვს ეს. თუ სათამაშო პატარაა, არაფერია ცუდი იმაში თუ მას სკოლაში წაიღებს. 

ნუ გააკრიტიკებთ მას, მაშინაც კი, თუ რაიმეს არასწორად იგებს, ნელა ითვლის, ან ცუდად წერს. კრიტიკამ შესაძლოა ის შესაძლებლობებში დააეჭვოს და გაამწვავოს მისი პრობლემები.

ყოველთვის გამოიჩინეთ ინტერესი სკოლისა და კლასის მიმართ, რომელშიც ბავშვის სწავლობს. მნიშვნელოვანია მისი მოსმენა - გაიგეთ რა აწუხებს, რას მოსწონს, რა არ მოსწონს და ა.შ. ეს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს დააჩქარებს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203