ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში „გემრიელი გაკვეთილი“ მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, მე-11 კლასის მოსწავლეები კულტურულ მრავალფეროვნებას გაეცნენ და საყვარელი კერძები მოამზადეს.
ქართული ენის გაკვეთილზე, ბავშვებმა შეარჩიეს თავიანთი საყვარელი კერძები, მოამზადეს რეცეპტები, გადაიღეს ვიდეო, გააკეთეს პრეზენტაცია POWER POINT-ის გამოყენებით და წარადგინეს გაკვეთილზე. ბოლოს კი მათი ნახელავი დააგემოვნეს.
„პრეზენტაციამდე მათ დასჭირდათ კონკრეტული ტექსტების (როგორც მოსასმენი, ასევე საკითხავი) დამუშავება და გახსენება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანჟელა ღაზარიანი ხელმძღვანელობდა.