„დამნაშავეა თუ არა ხახუნი?“- ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფიზიკის შესწავლისას იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
10-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განათლების მიზანია, მოზარდი საღად მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბდეს, ეს კი წარმოუდგენელია შემოქმედებითი აზროვნების გარეშე. ამ მიმართულებით კი, არაერთი ღონისძიება ეწყობა. 

VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში არსებული ძალები და მათი კლასიფიკაცია შეისწავლეს. ისინი თითოეულ ძალაზე მსჯელობენ, გააზრებული აქვთ ხახუნის ძალის წარმოშობის მიზეზები, მისი სახეები და ასევე, ხახუნის ძალის შემცირებისა და გაზრდის საშუალებები. სკოლაში გვიყვებიან, რომ მოსწავლეებს ფიზიკისადმი ინტერესი არ განელებოდათ. მათ ფიზიკის მასწავლებელმა - ინგა ხასაიამ, შესთავაზა ხობის სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაემართათ.

მოსწავლეებმა როლები გადაინაწილეს და პრეზენტაციები მოამზადეს. პროცესი - „დამნაშავეა თუ არა ხახუნი?“ მიმდინარე წლის 6 ივნისს ხობის მაგისტრატ სასამართლოში გაიმართა. 

„თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან იგი მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. ფართოა ასპარეზი ყველასთვის, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია, შემოქმედებით, მეგობრულ, საინტერესო ურთიერთობებს საფუძველი სწორედ ასე ეყრება. ამ გაკვეთილის ყველაზე დიდი წარმატება იყო ძალების სრულყოფილი შესწავლა და ამ ცოდნის შემოქმედებითად გადმოცემა. მასწავლებლის მიერ განხორციელებული გასვლითი გაკვეთილი იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი. მადლობას ვუხდით ხობის მაგისტრატ სასამართლოს თანამშრომლობისთვის. მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, აქტიური თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203