ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტებით წარმატებით სწავლობენ. სასწავლო მიდგომა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, IX კლასში ინგლისურ ენაში ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „უდიდესი აღმოჩენები“.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები სხვადასხვა უდიდეს აღმოჩენებზე და წარადგინეს კლასის წინაშე. გამოიყენეს „მეთოდი ექვსი მოაზროვნე ქუდი“ , რომელიც პოპულარობით სარგებლობს სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში.
„მეთოდი აქაც გამოგვადგა და გამოვიყენეთ როგორც - კრეატიულები, პოზიტიურები, განსჯის და შემაჯამებლის როლით. მოაზროვნე ქუდების მფლობელებმა იმსჯელეს საკითხის ირგვლივ და ბოლოს შეაჯამეს კიდეც გაკვეთილი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად სახალისოც იყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე კვლევა -ძიების, პრეზენტაციის, კომუნიკაციის, განსჯის, გაანალიზების უნარებს.
სასწავლო პროცესს ინგლისური ენის მასწავლებელი თამილა დუმბაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილებით ყოველთვის ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: