ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრს სტუმრობდნენ
04-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო ინიციატივებითა და აქტივობებით მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრებას მრავალფეროვანსა და დასამახსოვრებელს ხდიან.

ამის ნათელი მაგალითია პედაგოგის ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით გამართული ექსკურსია გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, წარმოდგენაზე-„კონკია“. 

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება დასამახსოვრებელი და ძალიანს საინტერესო აღმოჩნდა, ისინი დადებითი ენერგიებით აივსნენ და დღე ხალისიანად გაატარეს. 

„ერთად განვლილი ფერადი სასწავლო წელი ჩემო ბარტყებო და კიდევ ერთი  წლის ბედნიერი დასასრული.... თეატრალური ხელოვნება ბავშვისთვის ძალიან ახლობელი, გასაგები და საყვარელია, მას ხომ საფუძვლად თამაში უდევს, თამაშის პროცესში კი ბავშვი ყველაზე უკეთესად ახერხებს საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ჟესტებით, მიმიკით, მოძრაობით, სიმღერით, სიტყვით. სწორედ თამაშის დროს ახდენს პატარა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას“, - აღნიშნავს პედაგოგი და იმასაც ამბობს, რომ მისი, როგორც დამრიგებლის მიზანიც სწორედ ზემოთ აღნიშნული გახლდათ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს დღის რეფლექსიის ბარათები გადასცა, პატარებმა კი საკუთარი შთაბეჭდილებები ნახატებით გადმოსცეს.

დღის დასასრულს კი, პატარებმა ფერადი ატრაქციონებითაც იჯერეს გული.

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203