არასაკმარისი საკვები, ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხის კონტროლის პრობლემურობა - დარღვევები უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში
05-06-2018
თბილისის N202 საჯარო სკოლაში (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მრავალი დარღვევაა, რომელიც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პრობლემურია სკოლის სათანადო სასწავლო და დამხმარე რესურსებით აღჭურვა, სწავლების ხარისხის კონტროლი, პანსიონის ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებაში ინკლუზიის საკითხები.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად დაფიქსირდა მოსწავლეთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფა:

„მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. მენიუ არ არის დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველი და მეთორმეტეკლასელი მოსწავლეებისთვის მსგავსი, მცირე ულუფაა გათვალისწინებული,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ობმუდსმენის აპარატის ცნობით, კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის:

„აღნიშნულს ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი ფაქტი, როდესაც 202-ე საჯარო სკოლის 13 წლის უსინათლო აღსაზრდელი დაწესებულების მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, რა დროსაც მასთან ერთად ოთახში 4 ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის დასახელებულ ფაქტს, ხოლო ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203