ტყიბულის N6 სკოლის X კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით თბილისის ზოოპარკს ესტუმრნენ
04-06-2024
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით დედაქალაქს სტუმრობდნენ. 

X კლასის მოსწავლეებმა, ჯგუფმა - „21-ე საუკუნე“, მოინახულეს თბილისის ზოოპარკი, გაიღრმავეს ცოდნა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით და გაატარეს სასიამოვნო დრო.

აქტივობის შედეგად ბავშვებმა თბილისის ზოოპარკის დაარსების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ თბილისის ზოოპარკი დაარსდა 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა. როგორც ვიცით, 2015 წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოლოგიური პარკის ქვემო ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები, გარდაიცვალა რამდენიმე თანამშრომელი. ზოოლოგიურმა პარკმა მუშაობა სტიქიიდან 3 თვეში, 13 სექტემბრიდან განაახლა.

„ერთი მხრივ, ზოოპარკი ძალიან ლამაზი, საინტერესო და ინფორმაციულია, თუმცა მეორე მხრივ, თუ ცხოველების პერსპექტივიდან შევხედავთ ამ ყველაფერს ძალიან საშინელ და დრამატულ სურათს მივიღებთ. ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე გალიაში არიან გამომწყვდეული და თავისუფლება არ გააჩნიათ“, -აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა და თემაზე საინტერესოდ იმსჯელეს. 

აქტივობის ინიციატორი და ორგანიზატორი ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ცისანა ქოქოსაძე იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203