ოჟიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
14-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტში - „მოიწვიე ფინედუ კლასში“.

2 მაისს, ოჟიოს საჯარო სკოლის მეხუთე კლასში, „FinEdu-ფინედუს“ კონკურსის - „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ ფარგლებში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი.

ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა - თინათინ ლეფსვერიძემ მოსწავლეებს PP პრეზენტაციის დახმარებით გაახსენა ნიკო კეცხოველის მოთხრობა - „ია და ჭიანჭველები“.

ბავშვებმა გამართეს დისკუსია დაზოგვის, დაგროვების, შემოსავლის განაწილების, ბიუჯეტის, ფულის შესახებ.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს „ჭიანჭველა გროვია“ და მიიღეს ინფორმაცია FinEdu-ფინედუს შესახებ. ყველა მოსწავლეს აქვს სახსოვრად მიღებული ლიტერატურა „მოგზაურობა ფულის სამყაროში“, „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ და „დაგროვების ამბები“. გაკვეთილზე გამოიყენეს აღნიშნული ლიტერატურაც . „სასწავლო გაჩერებებზე“ დაამუშავეს სხვადასხვა საკითხი და გააკეთეს პრეზენტაციები“,- გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ფოლგის, მონეტის და ფანქრის დახმარებით „დაამზადეს“ სხვადასხვა ნომინალის მონეტა. ფინანსური ტერმინების გამოყენებით შეავსეს კროსვორდი. გაკვეთილზე გამოყენებულმა მეთოდებმა და აქტივობებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და ჩართულობა.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს „გასასვლელი ბილეთები“, დააფიქსირეს რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და კონკურსში წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203