
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იქ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
სკოლაში მათემატიკის კვირეული მოეწყო, რომლის მეოთხე დღე განსაკუთრებულად ხალისიანი, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მე-7 და მე-8 კლასელებისა და მათი გულშემატკივრებისთვის.
მათემატიკურ ვიქტორინაში ერთმანეთს ორი გუნდი - „სლიზერინი“ (მე-7კლასი) და „გრიფინდორი“ (მე-8 კლასი) შეეჯიბრა. ვიქტორინა მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა. მოსწავლეები გუნდურად მსჯელობდნენ და გონივრულად პასუხობდნენ დასმულ კითხვებს. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს გუნდების კაპიტნებიც შეეჯიბრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა განსაკუთრებით გამოაცოცხლა მათემატიკურ-კულინარიულმა შეჯიბრებამ. გუნდებმა ჟიურის წინაშე შესაფასებლად მათემატიკური ფიგურებისა და სიმბოლოების გამოყენებით დამზადებული ნამცხვრები წარადგინეს.
ვიქტორინის მონაწილეები და გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: