
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოწაფეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
განსაკუთრებულად ზრუნავენ ყველაზე პატარა მოსწავლის - ერთადერთი პირველკლასელის - მარიამ გოგოლაძის მოტივაციაზე, რათა მისთვის საგაკვეთილო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოც იყოს.
შესაბამისად, მარიამ გოგოლაძემ საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულა, რაც სკოლაში არაჩვეულებრივი ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც დიდი მონდომებითა ჩაერთნენ.
პატარებმა ქართულ ანბანსა და დედაენას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, ღონისძიების მიწურულს კი ანიმაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“ სპექტაკლად აქციეს და შთამბეჭდავად წარმოადგინეს.
პირველი კლასის დამრიგებელმა - ირინა გოგოლაძემ, პირველკლასელსა და სასკოლო საზოგადოებას ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია.