ძიმითის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიაში ზოოლოგიური მუზეუმის სტენდი განთავსდა
02-05-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს ხალისითა და ინტერესით სწავლობენ, რადგან მათი მოტივაციის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

29 აპრილს, ძიმითის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიაში ზოოლოგიური მუზეუმის სტენდი განთავსდა. ეკოკლუბ „ვიტისის“ ორგანიზებით დაიგეგმა შეხვედრა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან (I-IV). ღონისძიებას ესწრებოდნენ მათი დამრიგებლები, ეკოკლუბის წევრები და ხელმძღვანელი.

ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებს სინათლის მიკროსკოპი გააცნო და მწერების სხეულის ნაწილები დაათვალიერებინა.

ეკოკლუბის წევრი, ნატალია ხინთიბიძე, ბავშვებს დინოზავრებისა და სხვა პრეისტორიული ცხოველების შესახებ ესაუბრა. როდის ცხოვრობდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორი ქვეწარმავლები იყვნენ, რით იკვებებოდნენ, რამ გამოიწვია მათი გადაშენება, რატომ ეწოდა მღვიმეს სათაფლია, ვინ იყო პეტრე ჭაბუკიანი და სხვ.

კლუბის წევრებმა მოსწავლეებს აუხსნეს როგორ უნდა დაადგინონ ცხოველის კვების ტიპი კბილების აგებულების საფუძველზე.

აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

ზოოლოგიური მუზეუმი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს იქნება ღია. სტუმრობა გახსნის დღეს უფასო იყო, თუმცა შემდეგ ჯერზე მსურველებს შესვლის სანაცვლოდ მიუსაფარი ლეკვებისათვის საკვების მოტანა მოუწევთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203