ხონის N2 სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საინტერესო კონკურსები გაიმართა
24-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში გაიმართა სამი კონკურსი VIII და VIII კლასებს შორის.

პირველი იყო ესეების კონკურსი „ვინ უკეთ წერს“ - მოცემულ თემაზე : „ერის ცხოვრება, მისი ისტორია დაცულ არს ენით... რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს საინტერესო ესეები. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს ხუთი გამარჯვებული: I ადგილი - ნინი მაღლაკელიძემ დაიკავა, II ადგილის მფლობელი - ნიკა ფუტკარაძე და მარიამ სანოძე გახდნენ, ხოლო III ადგილზე ელენე ბახტაძე და ივლიტა გერაძე გავიდნენ.

კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსი „კალიგრაფიული ხელოვნება“ მეტად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელით წერის კულტურის განვითარება. საკონკურსო დავალება მოიცავდა: ნაბეჭდი ტექსტის მხედრული კალიგრაფიით გადაწერას, თავიანთი შემოქმედებითი გემოვნების მიხედვით.  ჟიურის წევრებმა გამოავლინეს ხუთი გამარჯვებული: I ადგილზე ნიკოლოზ კუხალაშვილი გავიდა, II ადგილი შორენა მამარდაშვილმა და თელა კირთაძემ დაიკავეს, ხოლო III ადგილზე  ნინი მაღლაკელიძე და მარიამ ჩიხლაძე გავიდნენ.

გუნდების ინტელექტუალურ კონკურსში „ინტელექტუალური ორთაბრძოლა“ კი  VIII და VIII კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში გუნდური მუშაობის ჩვევის ხელშეწყობა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სწორი ქმედებების გამომუშავება. კონკურსის გამარჯვებული გახდა: გუნდი „მერანი“ ( VIII კლასი) .

კვირეულის ბოლოს სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები.

კვირეულის ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო უგრეხელიძე და პრაქტიკანტი მასწავლებელი ზაიდა ბაზაძე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ცნობილი მწერლების ნაწარმოებები იმ პირობით, რომ ერთმანეთს გაუცვლიან და ყველა მოსწავლე წაიკითხავს, რის შემდეგადაც მოეწყობა წაკითხული ნაწარმოებების განხილვა/დისკუსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203