ივანდიდის საჯარო სკოლამ მომავალ პირველკლასელებს საზეიმო გარემოში უმასპინძლა
24-04-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლამ მომავალ პირველკლასელებს, წელსაც ტრადიციულად, თბილ გარემოში უმასპინძლა. ბაღის აღსაზრდელები სკოლას, აღმზრდელ-პედაგოგებთან და მშობლებთან  ერთად ესტუმრნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, მათთვის სასკოლო გარემოში ადაპტაციისთვის, სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა.

„ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადასვლა მუდმივად უწევთ. მათ შორის ბავშვებსაც, რომელთაც  ამ პროცესში სჭირდებათ უფროსების:  მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანების დახმარება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მასპინძლის როლი სკოლის პირველკლასელებმა მოირგეს. მათ, ბავშვებს, თავიანთ საკლასო გარემოში მოუწყვეს დახვედრა.

მასწავლებლებლებმა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარეს. პატარები შეხვდნენ მათ მომავალ დამრიგებელს, რომელსაც დაჰპირდნენ, რომ საუკეთესო მოსწავლეები იქნებიან მომავალში.

სკოლის დირექტორ ლია ჩიხლაძისგან კი პატარებმა სამახსოვრო საჩუქრები დაიმსახურეს.

სკოლაში მომავალ პირველკლასელებს წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203