ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
23-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში, ტრადიციულად, ქართული ენის კვირეული გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო. მათ ლექსები ქართულად წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარადგინეს. 

მოსწავლეებს ქართული ენის მასწავლებელი - არპინე ნერსესიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლე-მასწავლებელმა დირექციისგან მადლობა დაიმსახურეს.

„მათ ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ. ქართული ენის დღე საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლისთვის მართლაც ნამდვილი დღესასწაულია“, - ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203