ბარდნალის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის - მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, ახალგაზრდებს გარემოს დაცვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა.
„დედამიწის დღეს გილოცავთ,
დედამიწელებო!
გვახსოვდეს:
დედამიწა ჩვენი სახლია,
რომელსაც თითოეული ჩვენგანისგან
ზრუნვა და გაფრთხილება
სჭირდება !
მოვუაროთ დედამიწას !
მწამს, ჩვენი მომავალი თაობა ჩვენზე მეტად გაუფრთხილდება გარემოს, ჩვენზე მეტად ეყვარებათ ერთმანეთიც და ჩვენზე მეტად ეხსომებათ ისიც, რომ
„დედამიწას სიყვარული
ატრიალებს!“,- მოსწავლეები დირექტორის ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლაში არაერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა განხორციელდა სკოლის დირექციის, ბიოლოგიის მასწავლებელ ნატო ხეცურიანის, ქიმიის მასწავლებელ ლამზირა ონიანის, ინგლისური ენის მასწავლებელ თეონა ფრუიძის, მესამე კლასის ბუნების მასწავლებელ სოფიო მიქაძისა და სკოლის თვითმმართველობის (ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ირმა ლიპარტელიანი) ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს და მოხატეს სკოლის ეზო, შექმნეს პოსტერები, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, გადაიღეს ვიდეოები, დარგეს მწვანე ნერგები, ბოლოს კი ერთობლივად ნახეს ფილმი, რომლის შემდეგაც გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
„მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს თავიდანვე შევაყვაროთ ჩვენი საერთო „სახლი“ და ვასწავლოთ მასზე ზრუნვა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: