18 და 19 ივნისს იმ მოსწავლეებისთვის (დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის), ვინც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ობიექტური მიზეზით ვერ გამოცხადდა, დამატებითი გამოცდა დაინიშნა.
როგორც Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, დამატებითი გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. სამინისტროში განგვიმარტეს ის მიზეზები, რომლებიც შეიძლება ობიექტურად ჩაითვალოს და მოსწავლეს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეს:
„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის განმეორებითი გამოცდა მათთვის, ვინც რომელიმე საგანში ზღვარი ვერ გადალახა. ეს გამოცდა არის მათთვის, ვინც ობიექტური მიზეზების გამო ვერ გავიდა გამოცდაზე. ასეთი მიზეზები შეიძლება იყოს: სხვადასხვა ოლიმპიადის გამო საქართველოში არყოფნა, ფრენის გადადება და სხვა განსაკუთრებული შემთხვევები. ასევე, გახსოვთ თქვენ, როდესაც გამოცდები დაინიშნა, 2 მოსწავლე მოჰყვა ავარიაში. სწორედ ასეთი გარემოებებია ობიექტური. ასეთმა მოსწავლეებმა განცხადებები უნდა შემოიტანონ ან განათლებისა და მეცნირების სამინისტროში ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. განვიხილავთ იმ მიზეზებს, რის გამოც ვერ გავიდა ესა თუ ის მოსწავლე გამოცდაზე და გადავწყვეტთ, გავლენ თუ არა ეს ბავშვები გამოცდაზე. გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. რაც შეეხება ასეთი მოსწავლეების რაოდენობას, ყოველწლიურად 30-35-ის ფარგლებში მერყეობს. წელსაც ასე იქნება,“ - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.