9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში
11-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლაში საინტერესო პატრიოტული ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის ნონა თოდუას ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გააჟღერეს სიმბოლური სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ისტორიული ფაქტები და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ნათელ ხსოვნას.

ღონისძიებას პატრიოტული სულისკვეთება გასდევდა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ქართველ ერში თავისუფლებისაკენ სწრაფვა მის ეროვნულ და ინდივიდუალურ ღირსებასთან არის გაიგივებული და მასთან დაპირისპირების ყოველი მცდელობა ამაოა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203