„9 აპრილი - ტრაგედია, რომელმაც შეცვალა ისტორია“- ტყემლანის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებას შეწირული გმირები გაიხსენეს
10-04-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. 

ა️მჯერად, სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მის ფარგლებში, მასწავლებლებმა თამარ კაპანაძემ და ნათია კაპანაძემ, მოსწავლეებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და დაღუპულების შესახებ ისაუბრეს. დასასრულს კი, მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„9 აპრილი - ტრაგედია, რომელმაც შეცვალა ისტორია“,- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203