საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მოწაფეები და ილიას და აკაკის ძეგლთან წაკითხული ლექსები
10-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.

პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული კონცერტი - რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლთან გაიმართა.

საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატმა, ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „არსიანმა“ (ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე) ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა;

ხოლო მუსიკალურ ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ მრავალგზის ლაურეატმა და „გრან-პრის“ მფლობელმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი ტარიელ ხუციშვილი) ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.

გიმნაზიის მოსწავლეებმა კი ქართველ პოეტთა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს;

ქართველთა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა საკუთარი ლექსები: „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ოცდაათი ვერცხლი“ და „ხმალი ავლესოთ ქართველებო“ წაიკითხა.....

დამოუკიდებლობის 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს მიესალმა უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბატონი მირიან წიკლაური, რომელმაც საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ის ბედნიერი დღეები გაიხსენა.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი - ეს არის ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული მნიშვნელობით. ეს დღე ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203