სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
29-05-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება - პოეზიის საღამო. ორგანიზატორი გახლდათ სსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი საქველმოქმედო ჯგუფი „ხიდი“.

საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ხიდი“ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცია ჩაატარა. ამჟამად მათი ბენეფიციარი საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები 11 წლის ნიკოლოზია, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ამასთანავე უსინათლოა. ნიკოლოზი მშობლებმა მიატოვეს. მას ბებია ზრდის.

საქველმოქმედო საღამოზე შემოსული შემოწირულობით ორგანიზაცია „ხიდი“ ნიკოლოზსა და მის ბებიას პირველადი მოხმარების საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარება.

სსუ-ში მოწვეულნი იყვნენ: მამა პეტრე კვარაცხელია -„კოლხი“, თანამედროვე პოეტები: ალექსი სამხარაძე და გიორგი გიგინეიშვილი, რომელიც საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ქუთაისიდან სპეციალურად ჩამოვიდა.

ღონისძიება გახსნა სსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება და მასში აქტიური ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულის სიცოცხლე, კეთილდღეობა - საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის საზრუნავი უნდა იყოს.

სტუმრებმა წაიკითხეს ლექსები საკუთარი და ცნობილი ქართველი პოეტების შემოქმედებიდან და საღამო მუსიკალური ნომრებითაც გაალამაზეს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს, აქციის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისა და კიდევ ერთი ლამაზი დღისთვის, მადლობა გადაუხადა.

საქველმოქმედო აქციამ და უნივერსიტეტში ჩატარებულმა პოეზიის საღამომ როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ- მასწავლებლების მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სამახსოვრო სუვენირები გადასცეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203