ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა მოგზაურობა საბავშვო წიგნების ზღაპრულ სამყაროში
03-04-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის - თეონა ჯანელიძის ინიციატივითა და II კლასის დამრიგებლის - ლია ბარბაქაძის ჩართულობით, სკოლის ბიბლიოთეკაში აქტივობა ჩატარდა.

მე-2 კლასელებმა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან მცირე მონაკვეთები წაიკითხეს. სკოლის ბიბლიოთეკარმა კი მათ საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ანდერსენის ბიოგრაფია უამბო.

II კლასის მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წელს ბიბლიოთეკას უკვე მეორედ სტუმრობენ. მათ ამავე დღეს ასევე თებერვლის და მარტის თვეში წაკითხული წიგნების პრეზენტაცია ჩაატარეს. 

პროექტის - „ჩვენი წიგნების თარო“ ფარგლებში, პატარებმა დაამზადეს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებების მულიაჟები და ხელთნაკეთ წიგნების თაროზე განალაგეს. ერთმანეთს ურჩიეს ამ ნაწარმოებების წაკითხვა. მათ აღნიშნეს, რომ კვლავ გააგრძელებენ კითხვას, რადგან წიგნების თაროს ცარიელი ადგილები შევსებას ელოდება.

„ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლაში ჩატარებული აქტივობა და ზოგადად საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203