„ფრინველთა ბუდეები“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინტეგრირებულ პროექტზე იმუშავეს
02-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო პროცესის შეთავაზებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში ბუნებისმეტყველებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა დაწყებით საფეხურზე, V კლასში განახორციელეს ინტეგრირებული პროექტი -„ფრინველთა ბუდეები“.

პროექტის მიზანი იყო საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ფრინველების შესახებ ცოდნის ამაღლება და ბუდეების/სახლების დამზადება.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა. საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რომელ ფრინველს იცნობენ, სად უნახავთ, რით იკვებებიან, რომელი როგორი შეფერილობისაა, სად იშენებენ ბუდეებს. გაეცნენ ასევე ტექსტებს და ელექტრონულ რესურსებს ფრინველთა შესახებ.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია  სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ფრინველებზე და გაიღრმავეს ცოდნა, ვიზუალური მასალები დაეხმარათ ინფორმაციის უკეთ აღქმასა დამახსოვრებაში.

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში წაკითხულის გააზრებაზე და დაამუშავეს სქემა - „ამოტრიალებული პირამიდა“.

მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა პროექტის შემაჯამებელ გაკვეთილზე წარადგინეს, სადაც გამოფინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, ისაუბრეს თავიანთ „რჩეულ ფრინველზე“, რომელიც ნახატთან ერთად ერთ წიგნად შეკრეს და შექმნეს მატერიალური პროდუქტი - „საქართველოში გავრცელებული ფრინველები“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ეს წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს საჩუქრად. მათ ასევე წარადგინეს მუყაოს და ხის მასალისგან დამზადებული ჩიტის ბუდეები/ სახლები, ისაუბრეს და შეძლეს კლასიფიცირება ბუნებრივი და ხელოვნური მასალების, შეაფასეს პროექტი და დაწერეს შთაბეჭდილებები, დასასრულს კი, სკოლის ეზოში ხეებზე განათავსეს ფერადი სახლები.

პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე და მათი მშობლები. ბავშვებს აქტიურობისათვის გადაეცათ წამახალისებელი სიგელები. სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მათ საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელები არიან: ხათუნა უსტიაშვილი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და ვენერა აბუსერიძე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203