
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოეწყო, რომელიც კიბერსაფრთხეებისა და მისგან გამოწვეული შედეგების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
სკოლაში, ჩატარდა პროექტის - „ერთად კიბერუსაფრთხოებისათვის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა ტრენინგი კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც სკოლას დახმარება გაუწია პარტნიორმა ორგანიზაციამ - RICDOG-მა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტრენინგის მიზანი გახლდათ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტ საფრთხეების, მისი შედეგებისა და პრევენციული გზების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის - „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე. მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც შეიძლება მოზარდი ან ზრდასრული ადამიანი წააწყდეს სოციალური ქსელებით სარგებლობისას. ისაუბრა ასევე თავდაცვის მექანიზმებზე. ტრენინგს ესწრებოდნენ მეშვიდე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები (15 მოსწავლე), ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე ქრისტინე ჩიხლაძე, სკოლის დირექტორი ინგა ჯალიაშვილი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელისო ჩიქოვანი.
შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები და პედაგოგებიც, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნამდვილად მიანიშნებს თემის აქტუალურობაზე.
„პროექტის მართვის ჯგუფი მადლობას უხდის ბატონ ნუგზარ კოხრეიძეს საინტერესო ტრენინგისთვს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: