„ადამიანის უფლებები - ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“ - საინტერესო პროექტი და შემეცნებითი აქტივობა ქუთაისის N40 სკოლაში
18-03-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროექტში - „ადამიანის უფლებები - ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“.

5 მარტს, სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა, რომლის თემაც ილია ჭავჭავაძის მოთხრობა - „სარჩობელაზედ“, გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზა ჯამბურიძე და ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვახტანგ შარადენიძე ხელმძღვანელობდნენ.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ნინო თურმანიძემ და ნია რობაქიძემ აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს მოთხრობის შინაარსი. შემდეგ კი, დისკუსია წარიმართა თემიდან გამომდინარე წინასწარ მომზადებული, პრობლემური და დღეისათვის აქტუალური კითხვებით: 

  • რატომ წარუდგნენ ძმები მეურმეებს თავადიშვილებად?
  • რამ შეაწუხა ყველაზე მეტად გაქურდული პეტრე და რა უფრო ეთაკილებოდა მას?
  • როგორ დავახასიათებდით საზოგადოებას, რომელიც ადამიანის ჩამოხრჩობას ესწრება?
  • როგორი დამოკიდებულება ჩანს ქალებისადმი და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა თანამედროვე სამყაროში?
  • ი. ჭავჭავაძემ პეტრეს სახით ერთი ადამიანის ფიქრები წარმოაჩინა თუ მთელი საზოგადოების?
  • რატომ ვერ ბედავს პეტრე სინამდვილის რეალურ აღქმას, რა უშლის მას ხელს?
  • რა მიზნით ჩართო მწერალმა მოთხრობაში წერილი?
  • თქვენი აზრით, ადამიანის აღზრდაში რა როლს ასრულებს თანდაყოლილი თვისებები, ანუ გენეტიკა და საზოგადოება, გარემო სადაც იზრდება( ოჯახი, სკოლა, ქუჩა და ურთიერთობები.)
  • რა მიზნით ჩართო მწერალმა მოთხრობაში წერილი?
  • ჩამოვთვალოთ მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს ძმების ტრაგედია...
  • რა უნდა გაეკეთებინა ხალხს იმისათვის, რომ ძმები დამნაშავეებად არ ქცეულიყვნენ?

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასევე ნახეს ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რამაც მათში დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა დამაჯერებლად და არგუმენტებით ისაუბრეს და გასცეს პასუხი ყველა კითხვას. მოიყვანეს მაგალითები პირადი ცხოვრებიდან და გაავლეს პარალელები ნასწავლ მასალასთან.

პედაგოგმა ვახტანგ შარადენიძემ, მოსწავლეებს შეახსენა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და გაანალიზა ნაწარმოებთან დაკავშირებული შესაბამისი პუნქტები.

მოსწავლეებმა ბოლოს გამართეს დისკუსია კითხვაზე: როგორ შეაფასებდით ძმების მოქმედებას, როდესაც პეტრეს სიკეთეს ქურდობით უპასუხეს? 

მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს ასეთი დისკუსიები ხშირად გაიმართოს საგნების: ლიტერატურის, ისტორიისა და მოქალაქეობის, აქტუალურ საკითხებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203