„სიკვდილმა მახე დაუგო, შეძრულნი ვართ“- ქუთაისის N7 საჯარო სკოლა დირექტორს, კალმისა და სიტყვის ოსტატს -  ენდი ნემსიწვერიძეს ემშვიდობება
18-03-2024

მთელი ქუთაისი და განსაკუთრებით, მშობლიური, ქუთაისის N7 საჯარო სკოლა დირექტორს - ენდი ნემსიწვერიძეს ემშვიდობება. ღირსეული, ყველასთვის საყვარელი პიროვნება, გამორჩეული ხელმძღვანელი, ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი, პოეტი - ეს მისი ღირსებების მცირე ჩამონათვალია. ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.

კიდევ უფრო სულისშემძვრელია, რომ ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე მიევლინა სასუფეველს. 

სკოლაში დირექტორს გლოვობენ და სამძიმრის წერილს ავრცელებენ. 

„სიკვდილმა მახე დაუგო, მანამ ლექსებში იბალახარითმების მაჭრით დათვრა და მეორე წიგნის გამოშვებით სტრიქონთა სუფრა გაშალა მეორე სუფრა, დაბადების დღის სუფრა, შეკვეთილი, მაგრამ გაუშლელი დარჩა, დაპატიჟებული ხალხი დაუპატიჟებელთან ერთად მის ირგვლივ შემოიკრიბა. ხორცი სიკვდილს დარჩა, სული - უფალს.

შეძრული ვართ მე-7 საჯარო სკოლის კოლექტივი დირექტორის, კალმისა და სიტყვის ოსტატის, ბატონი ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების გამო. გარდაცვლა სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონის“ გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ენდი ნემსიწვერიძის ოჯახს, სკოლას და მთელ ქუთაისს... ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო და „კალმის ოსტატის“ ლექსს გიზიარებთ:

სიკვდილო
გაღმა ნაპირზე შენ დგახარ,
გამოღმით კიდევ მე ვარ,
ვით მონადირე შემდგარხარ,
ათას სენს მიქსევ მდევრად.
ასე გჩვევია ოდიდან,
ფიქრობ გამიხმობ ფესვებს,
მე მომკლავ?! - აჰა მოვდივარ,
მაგრამ რას უზამ ლექსებს.
ან... როგორ შეძლებ, ამ ჩემი
მბორგავი სულის წვდომას,
ლეშიჭამიად დარჩები,
სიცოცხლის ქვეშევრდომად.
მიდი, ატარე მაგ ბოღმა,
ხიდები მიგე - მახედ,
ვიდრე გამოხვალ გამოღმა,
ლექსებში ვიბალახებ...
რითმების მაჭრით დავთვრები,
გავშლი სტრიქონთა სუფრას,
მერე მოდი და წაგყვები,
ხორცი შენ... სული უფალს.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203