ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
04-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ სხვადასხვა შემეცნებით და გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

„მოზარდი თაობის აღზრდასა და გონებრივი თვალსაწიერის გაფართოებაში უდიდეს როლს ასრულებს არაფორმალური განათლება. გააზრებულად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების ამოცნობა-განვითარებას. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსიები, რომელშიც სიხარულით ერთვებიან არა მხოლოდ მოსწავლეები, აგრეთვე პედაგოგები და მშობლებიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ამჯერად, მე-6კლასის ხელმძღვანელმა - ლალი რობაქიძემ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმა და განახორციელა სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია, რომელიც მოიაზრებდა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, რჩეული პოეტების: გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებისა და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერებას.

ექსკურსიაში ჩართული იყვნენ მოსწავლეთა მშობლები და ამ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისა და მათემატიკის მასწავლებლები: ლალი ტუკვაძე, შორენა დანელია, თეა მეშველიანი

აღნიშნულ დღეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ დიდი მამულიშვილის- ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტურ და ფოტომასალას, გაიგეს, თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ გამორჩეულ ადამიანს საქართველოს ეკონომიკური და ტექნიკური განვითარების საქმეში.

„მათ ასევე გაიაზრეს, რომ მამულიშვილთა ზრუნვის საგანი ყოველთვის იყო და იქნება სამშობლოსათვის ერთგულად მსახურება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ ტაბიძეების სახლ-მუზეუმების გაცნობისა, რადგან როგორც გვიყვებიან, ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე მათ გარკვეული შეხება ჰქონდათ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიასთან. სწორედ ამიტომ, ამიტომ ბავშვებმა ხალისით დაისწავლეს მასწავლებლის მითითებული ლექსები.

სახლ-მუზეუმების დათვალიერების შემდეგ ღია ცის ქვეშ, გალაკტიონ ტაბიძის ეზოში, მისივე ძეგლის წინ, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი“. ღონისძიებაში ყველა მოსწავლე დიდი ხალისით იყო ჩართული.

„შემოდგომის თბილმა და მზიანმა დღემ კიდევ უფრო გაახალისა ბავშვები. ელენე კოღუაშვილმა და გიორგი ხვედელიძემ სასიამოვნოდ გაგვაოცეს ჩონგურზე დაკვრის ოსტატობით“, - ამბობენ სკოლაში.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ასევე, როგორც გვეუბნებიან, უმღერეს მონატრებულ აფხაზეთს, მაგნოლიას, სამშობლოს შეწირულ გმირებს.

აქტივობაში ისინი დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

„მათმა წკრიალა ხმამ და წრფელმა ნამღერმა მუზეუმში სტუმრად მისული ადამიანების ოვაციები დაიმსახურა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ექსკურსიის დასკვნითი ეტაპი მოიცავდა ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სტუმრობას.

„იქ გამოფენილმა ექსპონატებმა, ოქროსა და ვერცხლის, ბრინჯაოსა და კერამიკის ნაკეთობებმა, საოჯახო და რიტუალურმა ჭურჭელმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა დიდებიც და პატარებიც, რა დიდი და სახელოვანი წარსული გვაქვს ქართველებს, როგორი შემოქმედი წინაპრები გვყავდა. გაოცებასთან ერთად სიამაყის გრძნობა დაეუფლათ პატარებს და ერთმანეთს უზიარებდნენ დადებით ემოციებსთამამად შეიძლება ითქვას, რომ ექსკურსიამ მოსწავლეებში დატოვა ღრმა შთაბეჭდილება, გაუძლიერათ მშობლიური ქვეყნის წარსულის უკეთ შესწავლის ინტერესი, აუმაღლათ სწავლის მოტივაცია , კიდევ უფრო დაახლოვა ერთმანეთს მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ეს დღე ულამაზეს მოგონებად დარჩება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203