15 სექტემბერს, თბილისის N12 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. სკოლის დირექციამ ბავშვებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და 15 სექტემბერი დაუვიწყარ მოგონებად უქცია.
ტრადიციულად, ქართული ჰიმნის ფონზე, აღიმართა ეროვნული დროშა. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, იყო გულწრფელი და ამაღელვებელი მილოცვები - დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეთა თვითმმართველობის მხრიდან...
იყო ბევრი ყვავილი, სიხარულით ანთებული თვალები, ღიმილი, სიყვარული და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იმედი იმისა, რომ 2023-2024 სასწავლო წელი საუკეთესო იქნება სკოლის ცხოვრებაში.
სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის. მათ საზეიმო განწყობაზე სწავლის პირველ დღეს ანიმატორებმა იზრუნეს. ზღაპრის გმირებმა მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართეს და ბავშვები გაამხიარულეს.
მოსწავლეთა სასწავლო მოტივაცია კი დამრიგებლებმა აამაღლეს, ისინი ბავშვებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს, მოწაფეებს დაჰპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში უყვარდეთ სკოლა, სწავლა, თავად კი მათ ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე თავდაუზოგავად იშრომებენ.
პედაგოგებმა პატარებს ზღაპრულად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. პირველკლასელებს გადაეცათ მათი კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები. ასე რომ ყველაზე პატარებმა პირველი სასწავლო წელი დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაიწყეს და სკოლის კარი გაბედული ნაბიჯებით შეაღეს, რაც ასე მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: