წყალტუბოს N4 სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო ღონისძიებით დახვდნენ
19-09-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო, პირველკლასელები კი, სასკოლო ცხოვრებას მხიარული და ხალისიანი განწყობით შეუერთდნენ.

უფროსკლასელებთან ერთად, პატარებმა ძალიან საინტერესო და ლამაზი ღონისძიება შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას, შემდეგ კი, პირველი კლასის მასწავლებლები - თინათინ ნაცვლიშვილი და ფიქრია კვაბზირიძე, პატარებს საკლასო ოთახებისკენ გაუძღვნენ, სადაც სრულიად ახალი გარემო და ბევრი საინტერესო საჩუქარი დაახვედრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველი გულწრფელი ემოციების, სასკოლო ოთახში გადაღებული საინტერესო ფოტოების, მნიშვნელოვანი სტუმრების გამასპინძლების, მილოცვებისა და კეთილი სურვილების შემდეგ, ისეთი გაკვეთილი დაიწყო, როგორც ნამდვილ პირველკლასელებს შეეფერებათ. 

პატარებმა, მასწავლებლებთან ერთად ქცევის წესები  მოიფიქრეს, პედაგოგის დარიგებული ბარათები გააფერადეს, ერთმანეთს საკუთარი თავი წარუდგინეს და რაც მთავარია, დღე ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს. 

აღსანიშნავია, რომ პატარებმა ამოიცნეს და დაასახელეს ის სასწავლო ნივთები, რაც ჩანთაში უნდა ჰქონდეს მოსწავლეს.

სკოლის ზეიმს შეუერთდა ქალაქის მერი - გენადი ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - მამუკა  ჩხეტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გრიგოლ ყურაშვილი, წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი - ხათუნა მაღლაკელიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - რიმა მარგიანი.

საპატიო სტუმრებმა სასკოლო საზოგადოებას მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, შემდეგ კი პირველკლასელებს საზეიმოდ გადასცეს პორტაბელური კომპიუტერები.

„წარმატებები მე-4 საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო სივრცის თითოეულ წარმომადგენელს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203