9 აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში - ცვლილება კანონში
19-09-2023

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

„საქართველოს ეროვნული ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრს, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე, სპორტის იმ სახეობაში, რომლის ფედერაციაც აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მისივე თქმით, კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს, ასეთი სულ 9 განაცხადი შევიდა, რაც ნიშნავს, რომ ისინი უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203